Wednesday, July 10, 2019

კითხვის საათი III კლასი 2019 წელი


კითხვის საათი
III კლასი
              დაწყებით კლასებში საფუძველი ეყრება ძირითად საბაზისო უნარებს, მათ შორის ყველაზე მთავარს- კითხვის უნარს. გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის, რაც დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს  სხვადასხვა სასწავლო პროგრამის  აღქმა-გაგება-გააზრება. თანამედროვე ეპოქაში იზრდება კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი, შემცირდა წიგნისადმი ინტერესი, რაც მკაფიოდ არის გამოხატული მოზარდებში,  ხოლო განათლებული საზოგადოება წიგნიერების გარეშე წარმოუდგენელია.   წაკითხულის გააზრება ტექსტის სიღრმისეული შემეცნების პროცესია და მასში გადმოცემული აზრების გაცნობიერებასა და კონსტრუირებას გულისხმობს. ამისათვის კი მასწავლებელმა ბავშვს რამდენიმე სტრატეგია უნდა შესთავაზოს, რომლებსაც ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებენ. ესენია: ტექსტის ვიზუალიზება, ვარაუდების ჩამოყალიბება, ახსნა-განმარტება, შეკითხვების დასმა, კავშირების დამყარება, შეჯამება და ა.შ. კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით,   სკოლაში ვატარებ კვლევას.   ,,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემების დაძლევაში (III კლასში) რომელიც მიმდინარეობს 2018-19 სასწავლო წლის II სემესტრში, გრძელდება  ოთხ თვეს. (თებერვალი - მაისი).
      კვლევის მიზანია, დაწყებით კლასებში  მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემების შესწავლა და პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების დადგენა.
     კვლევის საფუძველი გახდა დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება მე-3 კლასში, რომელმაც მიჩვენა რომ, მოსწავლეებს ჰქონდათ კითხვის პრობლემები. (გამართულ-გაწაფული კითხვალექსიკური მარაგი, მხატვრული ტექსტის, ასევე პრობლემები ჰქონდათ საინფორმაციო ტექსტის  გაგება-გააზრებაში) დავიწყე ძიება რამდენად იგებს, იაზრებს მოსწავლე სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა  ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, პერსონაჟის ხასიათის, თვისებებისა და ქცევის მოტივის ამოცნობა, ტექსტის ძირითადი არსის წვდომა, ახერხებს თუ არა საკუთარი აზრის გამოხატვას,  გარკვეული ენობრივი და მხატვრული გამოსახვის საშუალებების გარჩევასა და შეფასებას. საჭიროდ მიმაჩნია გამოვიყენო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები,  გავზარდო მოსწავლეებში კითხვის მოტივაცია და მეტი მოსწავლე ხალისით ჩაერთოს კითხვის პროცესში, რათა აღარ ჰქონდეთ მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემები.
   მიზნები:
·          მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება -გააზრება;
·         მოსწავლეებმა  შეძლონ ტექსტში დასმული პრობლემის გამოკვეთა;
·         მოსწავლეებს განუვითარდეთ მსჯელობის,  ლოგიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარები.
·         მოსწავლეებმა  შეძლონ წაკითხული ტექსტის ანალიზი, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში;
·         მოსწავლეებმა შეძლონ პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;

       ზემოთ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, გადავწყვიტე კითხვის საათზე გამომეყენებინა მრავალფეროვანი აქტივობები და მეთოდები.
          წასაკითხი ლიტერატურის შესარჩევად ვეწვიეთ სკოლის ბიბლიოთეკას. ბავშვებმა  ბიბლიოთეკის გამგის დახმარებით, საინტერესო წიგნები შეარჩიეს სახლში წასაკითხად.


      საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PRIED ფარგლებში სკოლამ მიიღო საჩუქრად წიგნები, რომლებიც I-VI კლასის მოსწავლეთა ასაკის შესაბამისია. დასაწყისისათვის კითხვის საათზე წასაკითხად ეს მცირე ზომის წიგნები შევარჩიეთ. რამდენიმე  წიგნის შინაარსის და ქართულის გაკვეთილებზე შესწავლილი ნაწარმოებების  მიხედვით მოსწავლეებმა  წყვილებში  შექმნეს ილუსტრაციები და მოუწერეს  შესაბამისი ტექსტი (იროდიონ ევდოშვილი ,,კალოზე, ბატონო მასწავლებელო“, ლელა ცუცქირიძე ,,ბებე“, თამარ ჩხაიძე ,,დამარცხებული ზამთარი“, ჭაბუა ამირეჯიბი ,,თაფლის წვეთი“, ლეონარდო და ვინჩის მიხედვით ,,ფრთხილი კურდღელი“, დავით ადამია ,,თახვისა და წეროს მეგობრობა“, ასტრიდ ლინდგრენი ,,პეპი მიდის სკოლაში“,  ლელა ცუცქირიძე ,,ბეღურა“ და ივანე კრილოვის ,,დათვის წვეულება“ აკაკი წერეთლის მიხედვით.)
       მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, მათ შვილებთან ერთად ილუსტრაცია გაუკეთეს ნაწარმოებებს: ნინო ნაკაშიძე ,,კრუხი და წიწილები“, იაკობ გოგებაშვილი ,,პატარა წრუწუნა“, მიხეილ შილდელი ,,ციყვი და კოდალა“, თამარ ჩხაიძე ,,ნუკრია“, ნანული ბოცვაძე ,,მეგობრობა“.

მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, ინფორმაციის გააზრების  და ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ.სიტყვიერი ტექსტის ილუსტრაციით გამოხატვის) უნარი, სოციალური უნარ-ჩვევები, წიგნიერების და სხვა სახის ძალზე ღირებული და მნიშვნელოვანი  უნარები.




  ,,მკითხველთა თეატრი“
         მოსწავლეები წაიკითხეს წყვილში მოთხრობა ,,მუხლუხოს ფეხები“, გამოვყავით მთავარი გმირები, შემდეგ  მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები.  გაიმართა მკითხველთა თეატრი.  აქტივობამ მეტად  საინტერესოდ ჩაიარა.



      საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღე- 2 აპრილი. ეს დღე უკავშირდება ჰანს ქრისტიან ანდერსენს, იმისათვის რომ გაგვეგო მეტი რამ, მოვიძიეთ ინფორმაცია და გავეცანით  ჰანს ქრისტიან ანდერსენის ცხოვრება-მოღვაწეობას,  მის მშობლებზე, ოჯახზე , შემოქმედებაზე.  მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,მახინჯი იხვის ჭუჭული“, ,,პრინცესა ცერცვის მარცვალზე“, ,,თოვლის დედოფალი“

პროექტი ,,რას ფიქრობს მიტოვებული სახლი სოფლად“
   მოსწავლეებმა წაიკითხეს მერი ბოლქვაძის მოთხრობა ,,სახლი“, რომელის შინაარსმაც მათზე განსაკუთრებით იმოქმედა, რადგან ყველას გაახსენდა მისი სახლის ახლოს მდგომი მიტოვებული სახლი. გადავწყვიტე მიტოვებულ სახლებზე განმეხორციელებინა საგაკვეთილო პროექტი. მოსწავლეებმა შეაგროვეს ფოტოები და შეეცადნენ დაეხატათ ის სახლები რომელთა სურათებიც გადაიღეს, შემდეგ წერილობით  გადმოსცეს მოტოვებული სახლების ,,სურვილები“ და ,,ოცნებები“.
             გოდერძი ჩოხელის მოთხრობის ,,ცასწავალა“ წაკითხვის შედეგ, მოსწავლეებმა შექმნეს ილუსრტაციები, ილუსრტაციებს დაურთეს შესაბამისი ტექსტი და შეკრეს წიგნად.  წაკითხულის გასააზრებლად გავმართეთ დისკუსია, რატომ მოექცნენ ცასწავალას ასე მკაცრად ფრინველები. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა.
           თანამედროვე ქართველი მწერლის ვასო გულეურის მოთრობათა ოთხტომეულიდან  ,,მიკო და რეი“  წავიკითხეთ 3 ნაწილი, სათავგადასავლო მოთხრობამ ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდი ინტერესითა და ყურადღებით ისმენდნენ მიკოს და რეის თავგადასავალს. იმედი გამოთქვეს რომ მეოთხე ნაწილიც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორიც ეს სამი ნაწილია. გამოთქვეს ვარაუდები მომდევნო ნაწილის შინაარსის შესახებ. ვერსიები ძალიან საინტერსო იყო.
            გავეცანით სულხან-საბა ორბელიანის  „სიბრძნე სიცრუისა“ -ს იგავებს. წავიკითხეთ იგავ-არაკები, მოსწავლეები კითხულობდნენ იდივიდუალურად,  შემდეგ კი მოხადა წაკითხულის პრეზენტაცია. მოსწავლეებს გავაცანი სტრატეგია -„ცხელი სკამი“, მათ ეს სტრატეგია ძალიან მოეწონათ, ისინი აქტიურად ირგებდნენ სხვადასხვა პერსონაჟების როლებს და პასუხობდნენ შეკითხვებს. ბოლოს მოსწავლეებმა დახატეს სხვადასხვა პერსონაჟები, მოაწყვეს გამოფენა. სურვილი გაუჩნდათ  მათაც ეცადაც იგავის დაწერა, დაწერეს და შევკარით ერთ წიგნად.
              ,,დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა“ . კიდევ ერთხელ წავიკითხეთ სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული ,,დიდი წიგნები“. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ  შეექმნათ მსგავსი  დიდი წიგნები, რაც მონდომებით შეასრულეს.  კითხვის  საათზე ერთობლივად შევქმენით  დიდი წიგნები:  ლელა ქისტაური ,,ბაბუაწვერა“, ნინო სურმავა ,,საჩუქარი“, ეზოპე ,,წერო და მელა“. ბიბლიოთეკის გამგემ გვაჩვენა ბიბლიოთეკაში არსებული ყველაზე პატარა წიგნიც.
        სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული ენციკლოპედიებიდან ინფორმაციების ამოკრების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, მოსწავლეებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ.  მოსწავლეთა ნაწილმა თავად გასცა პასუხი თანატოლთა შეკითხვებს, ხოლო პასუხგაუცემელ კითხვებზე  შეეცადნენ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებას. მოსწავლეებმა შეძლეს პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა; მოპოვებული ინფორმაციით თავად შექმნეს ,,ენციკლოპედიები“.


         ,, იდუმალი ყუთი“  ყველაზე საყვარელი  ეს აქტივობაა ჩემი მოსწავლეებისათვის. დიდი მონდომებით უხსნიან ერთმანეთს ნივთის ამოსაცნობად საჭირო მის ნიშან-თვისებებს.

           ,,სიტყვის კედელი“  --იმ სიტყვების გამოყენებით, რომლებიც ახალი და გაუგებარია ბავშვებისთვის, ახსნის შემდეგ შევადგენთ წინადადებებს. გაკვეთილის ბოლოს კი მოვათავსებ სიტყვის კედელზე, რათა  მოსწავლეებმა ადვილად დაიმახსოვრონ ახალი სიტყვები.

          ,,განძის მაძიებელნი“-  წინადადების თითოეულ სიტყვას ცალ-ცალკე ვწერ დაჭრილ ფურცლებზე, ვინახავ დაფარულ ადგილზე და მოსწავლეებს ჯგუფში ვაძლევ მითითებას წერილობით ან გამოცანის სახით სად დევს ,,განძი“ (სიტყვები), როდესაც მოსწავლეები იპოვიან დამალულ კონვერტს, აღადგენენ დანაწევრებულ  წინადადებას.

        ,,დღის სიტყვა“ -  შევარჩევ ერთ სიტყვას და დღის განმავლობაში ამ სიტყვაზე მოსწავლეები  შეადგენენ წინადადებას, იტყვიან ლექსებს, დაწერენ ჩანახატს და ა.შ.

  ,,სიტყვის სკივრში“ მოთავსებულია უკვე შესწავლილი სიტყვები, ბავშვები თავად იღებენ სკივრიდან თითო სიტყვას და ადგენენ წინადადებებს.

        ,,პოსტერებს“ ვიყენებ წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის და მოსწავლეების კარგ მკითხველებად ჩამოსაყალიბებლად. 

         საინფორმაციო ტექსტების უკეთ გასააზრებლად , მოსწავლეებმა წაიკითხეს საინფორმაციო- შემეცნებითი ტექსტები, დაახარისხეს ინფორმაციები და განათავსეს კედლის გაზეთზე  ,,იცით თუ არა, რომ“ .  ასევე საინფორმაცო ტექსტებზე მუშაობის დროს , მოსწავლეებმა დაახარისხეს ინფორმაციები და გაანაწილეს ,,ცნების რუკაზე“ (მაგ. ცხოველის გარეგნობა, საცხოვრებელი გარემო, სახეობა, გამრავლება, კვება და სხვა)

        გაზეთი ,,კითხვის დრო“
   დაწყებითი განათლების პროექტის G-PRIED მიერ მოწოდებულ გაზეთში ,,კითხვის დრო“ მრავალფეროვანი თემებია თავმოყრილი, რომელთა წაკითხვა მოსწავლეებისათვის საინტერესოა.

    ,,წიგნის საჯაროდ კითხვა“. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდნენ III კლასის მოსწავლეებიც და კითხვის საათზე ყველამ წაიკითხა იაკობ გოგებაშვილის ერთი მცირე ზომის მოთხრობა. მოვიწვიეთ მაღალი კლასის რამდენიმე წარმატებული მოსწავლე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და  წაიკითხეს რამდენიმე ეპიზოდი მოთხრობიდან ,,იავნანამ რა ჰქმნა?!

,,ჩვენ ჟურნალისტები ვართ“ - რამდენიმე მოსწავლემ სურვილი გამოთქვა ყოფილიყო ,,ჟურნალისტი“
შეარჩიეს თემა ( მაგ. სპორტი, მოდა, მუსიკა და ა.შ) და მოიწვიეს  რესპოდენტი სატელევიზიო გადაცემაში.
        

   ,,თოჯინების თეატრი“ -  ირმა მალაციძის ,,ციყვის სუპერმარკეტის“ წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებმა დაინაწილეს როლები, დახატეს თავიანთი გმირები, გააფერადეს, გამოჭრეს და როლები გაითამაშეს.


,,სტუმრად ბიბლიოთეკაში“
მოვაწყვეთ გასვლითი შეხვედრები, ვესტუმრეთ ამბროლაურის საბავშვო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს,  აგრეთვე სოფლის ბიბლიოთეკას, მოსწავლეები  გაწევრიანდნენ სოფლის ბიბლიოთეკაში, რათა ზაფხულის განმავლობაში განაგრძონ წიგნების კითხვა.
  მადლობის ნიშნად, ერთობლივი სურვილით შევაგროვეთ  მაკულატურა, ჩავაბარეთ და ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას ვაჩუქეთ ქართული ზღაპრების წიგნი.

        სასწავლო წლის ბოლო კითხვის საათზე შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბარათები.  წებოვან ფურცლებზე დაწერეს თავიანთი შეხედულებები და თუ რა მიაქვთ სკოლიდან საზაფხულო არდადეგებზე. მათ სურთ მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდეს მომავალში, რადგან ძალიან უყვართ კლასგარეშე მუშაობა.  ბოლოს ფურცლები მიაწებეს წინასწარ გამზადებულ ნახატზე ,,რა მიგვაქვს“

კითხვის საათი III კლასი 2019 წელი (ლინკი drive)

https://drive.google.com/file/d/11QBf_G7ByaB18xvHODbjyN7Yzn21VKYE/view?usp=sharing